როგორ დაიწყო ჩემი გზა ადამიანის პოტენციალისკენ
ქოუჩინგამდე ჩემი პროფესიული გზა მართვას, პროექტებსა და ბიზნესის განვითარებას უკავშირდებოდა. სხვადასხვა მმართველობით პოზიციაზე მუშაობამ მასწავლა, რომ სტრატეგია, პროცესები და რესურსები მხოლოდ მაშინ ქმნის რეალურ შედეგს, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების დანახვა და მოქმედებაში გადატანა.
ჩემი პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ეთიოპიაში საერთაშორისო წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა. მრავალფეროვან კულტურულ და ბიზნესგარემოში გუნდისა და საქმიანობის მართვამ კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადამიანის პოტენციალის სრულად ამოქმედებაა.
საუკეთესო გეგმებიც კი ვერ იქცევა მდგრად შედეგად, თუ ლიდერსა და გუნდს აკლია სიცხადე, პასუხისმგებლობა, ურთიერთნდობა და განვითარებისთვის საჭირო სივრცე.
სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან ჩემი პროფესიული გზა პიროვნულ და ორგანიზაციულ განვითარებას დავუკავშირე. მას შემდეგ ცოდნა და გამოცდილება გავიღრმავე ორგანიზაციული განვითარების, ქოუჩინგის, ფსიქოლოგიის, ფსიქოკონსულტირების, სისტემური და სხეულზე ორიენტირებული მიდგომების მიმართულებით.
დღეს ამ ცოდნას მენეჯერულ გამოცდილებასთან ვაერთიანებ, რათა დავეხმარო ადამიანებს, ლიდერებსა და ორგანიზაციებს შექმნან არა ზედაპირული და დროებითი, არამედ გააზრებული და მდგრადი ცვლილება.
ჩემთვის ადამიანის პოტენციალი მხოლოდ ცოდნა და პროფესიული უნარები არ არის. ის აერთიანებს აზროვნებას, ემოციურ მდგრადობას, სხეულთან კავშირს, ურთიერთობებსა და იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და მოქმედებს.
ჩემი მიზანია დაგეხმარო მთლიანად დაინახო საკუთარი მდგომარეობა, გააცნობიერო რა გაძლიერებს, რა გაჩერებს და გადადგა ნაბიჯები ცვლილებისკენ, რომელიც რეალურად აისახება შენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

